EN

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

  • ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მხარეში მდებარეობს. მეცნიერთა აზრით, დღევანდელი ფოთის ტერიტორიაზე მდებარეობდა საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი ფაზისი და ფოთი ამ ანტიკური ქალაქის მემკვიდრედ ითვლება. ქალაქის მიმდებარე ტერიტორიებზე აღმოჩენილია გვიან ბრინჯაოსა და ადრე რკინის ხანის ნამოსახლარები. დღევანდელი ფოთის ტერიტორიაზე აღმოჩენილ არქეოლოგიურ მასალათაგან ყველაზე ადრეული არტეფაქტები (პალიასტომის ტბის დასავლეთ ნაწილში, ადგილ ნატეხებთან აღმოჩენილი ჭურჭელი) ძვ.წ. IV საუკუნით თარიღდება. ისტორიულ წყაროებში ფოთი პირველად VIII საუკუნეში იხსენიება. 1578 წელს ფოთი ოსმალებმა დაიპყრეს. მომდევნო საუკუნეებში ქალაქი პერიოდულად ხან რუსეთის დაქვემდებარების ქვეშ იყო, ხან ოსმალეთის. ფოთის გამოცოცხლება, რეკონსტრუქცია და კეთილმოწყობა გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწისა და პუბლიცისტის – ნიკო ნიკოლაძის სახელს უკავშირდება. სწორედ ნიკო ნიკოლაძის პროექტით განხორციელდა ფოთის დაგეგმარების შემუშავება. დღესდღეობით ფოთი ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი ფუნდამენტალური რეგიონია. ქალაქის საზღვაო ნავსადგური შავი ზღვის აუზის ერთ-ერთ უდიდეს ნავსადგურს წარმოადგენს. ქალაქში ფუნქციონირებს სპორტულ-ტურისტული ბაზები, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები, ბიბლიოთეკები, კოლხური კულტურის მუზეუმი, ფოლკლორის ცენტრი და ა.შ. ფოთი ძალიან ლამაზი ზღვისპირა ქალაქია XIX-XX საუკუნეების არქიტექტურით, საინტერესო ისტორიებითა და მითებით.
ოფიციალური ვებსაიტი https://poti.gov.ge/