EN

მრეწველობა

  • რეგიონის სამრეწველო საწარმოების აბსოლუტურ უმეტესობას მცირე და საშუალო ზომის საწარმოები შეადგენს. დღეისათვის, რეგიონის ძირითადი სამრეწველო პროდუქტებია დამუშავებული თხილი და ხე-ტყე. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მრეწველობის მაპროფილებელი სახეებია თხილისა და ჩაის გადამუშავება, აბაშაში - ნაყინისა და საკონდიტრო წარმოება, წალენჯიხაში - ხე-ტყის გადამუშავება და ჩაის წარმოება, მარტვილში - ჩაის გადამუშავება და ღვინის წარმოება, სენაკში - ღვინის წარმოება, ქ. ფოთში - თევზის ზეთის, თევზის ფქვილის, ხორცისა და რძის პროდუქტების წარმოება, ჩხოროწყუში - თხილის წარმოება, ხოლო მესტიაში - ხე-ტყის გადამუშავება. რეგიონის სამრეწველო სექტორში ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების დეფიციტი უნდა განვიხილოთ.
  • რეგიონის აქტივებისა და რესურსების გათვალისწინებით, ქმედითი საინვესტიციო და ინფრასტრუქტურული პოლიტიკის პირობებში, სამეგრელო-ზემო სვანეთს მრეწველობის სექტორის განვითარების მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს. აქტივებისა და რესურსების ეფექტურად გამოყენება, ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების სტიმულირებაზე მიმართული ძალისხმევა, ხარისხზე და ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების მაქსიმალური წახალისება, ადგილობრივი მუშახელის კვალიფიკაციის ამაღლებაზე სისტემური ზრუნვა, საბანკო კრედიტებზე ხელმისაწვდომობის ზრდა, კაპიტალის ალტერნატიული ბაზრების ჩამოყალიბება და ზოგადად, სხვადასხვა ენდოგენური და ეგზოგენური ფაქტორების სათანადო გამოყენება გადამწყვეტ როლს შეასრულებს მრეწველობის სექტორის განვითარებაში.